17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ენას ძვალი არ აქვს, თავად გაერკვნენ - ჩუგოშვილი თანაგუნდელებისა და ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებაზე

ენას ძვალი არ აქვს, თავად გაერკვნენ - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელიას განცხადებების შეფასებისაგან თავს იკავებს, თუმცა ღია მხარდაჭერას საკუთარ თანაგუნდელებს არ უდასტურებს. 

მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელებისა და მმართველი პარტიის უმრავლესობის წევრთა ნაწილს შორის არსებულ დაპირისპირებაში არ ჩაერევა.

„მე ვუპასუხებ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეეხება კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას. დანარჩენი, ვინ ვის რას აბრალებს -  ეს ჩემი საქმე არ არის, ერთმანეთში გაარკვიონ ადამიანებმა, ეს მე ნამდვილად არ მეხება.

გავიმეორებ, რომ არც მგონია სწორი ამ დისკუსიების პარლამენტში გაგრძელება.  მაგრამ მათი არჩევანია პარლამენტის წევრები არიან. შეუძლიათ, რაც უნდათ თქვან ენას ძვალი არ აქვს.

რაც შეეხება დანაშაულს, ამ დანაშაულის გამოძიებაში გამავრცელებლების პასუხისგებაში მიცემა ჩემი აზრით, არ არის საკმარისი.

საჭირო არის, რომ ყველა დავრწმუნდეთ, რომ გამოძიება აკეთებს ყველაფერს პირველწყაროს დასადგენად.

ეს არის ამაზრზენი დანაშაული ჩადენილი ქალის, პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც არ შეიძლება დარჩეს გამოუძიებელი,“-განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღეს ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების ნაწილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფო კილაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, მის წინააღმდეგ დაწყებულ მორალურ ტერორში დაადანაშაულა.

მათიკაშვილმა ბესელიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როგორი უზნეობაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაა, ისეთივე უზნეობაა ამ დანაშაულის ადამიანებისთვის დაბრალება. 

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა კოლეგებს მოუწოდა, გენდერული საბჭოს წევრები ნუ იმალებიან და მათ ეკა ბესელიას მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს.    

თამარ ჩუგოშვილმა დღეს ლევან გოგიჩაიშვილის ამ განცხადებასაც უპასუხა. ვიცე-სპიკერის თქმით, მას ლევან გოგიჩაიშვილის ვერ ასწავლის ქალთა უფლებების დაცვას.

„ვისაც გენდერული საბჭო აინტერესებს კეთილი ინებოს და გენდერული საბჭოს განცხადებებს გაეცნოს. თუ ადამიანები თავს არ იწუხებენ იმით, რომ განცხადებები იკითხონ, ისინი მე ნუ მასწავლიან ქალების დაცვას,“-ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები