განახევრებული გაყიდვები, ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის და მილიონიანი ბიზნესის გაკოტრების საფრთხე - ეს ის მიზეზებია, რომლებიც დეველოპერ კომპანიებს გაერთიანებას აიძულებს.
მშენებლები კობა გვენეტაძის გადადგომას საბანკო რეგულაციების გამო მოითხოვენ. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ახალი რეგულაციების ძალაში შესვლისთანავე მკვეთრად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სესხით ბინის შეძენა შეძლო.
ბაზარზე მდგომაროება იმდენად დრამატულია, რომ „მენაშენეთა ასოციაციამ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.
ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ სამშენებლო კომპანიების ნაწილი შიდა განვადებაზე გადავიდა, თუმცა მათ კლიენტის შემოსავლებზე ბანკისგან განსხვავებით წვდომა არ აქვთ, რაც რისკებს ზრდის.
ექსპერტების აზრით, იპოთეკური სესხების მკვეთრი შემცირება აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. მათივე თქმით, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი. სპეციალისტების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა შეზღუდვებს უნდა გადახედოს და იპოთეკური სესხების გაცემა ძველი სტანდარტებით განაახლოს.
საბანკო რეგულაციების გამო საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იბარებს. დღეს გაირკვა, რომ გვენეტაძე დეპუტატებთან შესახვედრად მზადაა, თუმცა არა საკომიტეტო, არამედ სესიის სხდომის ფორმატში.
მმართველ გუნდში არ თვლიან, რომ საბანკო რეგულაციები შეცდომა იყო. დასკვნების გასაკეთებლად ხელისუფლება კიდევ 3 თვის გასვლას ელოდები, რის შემდეგაც არაა გამორიცხული, რეგულაციები გადაიხედოს.
აპირებს თუ არა რეგულაციების გადახედვას, კობა გვენეტაძე მომავალ კვირას პარლამენტში იტყვის, იქამდე კი დავა შეხვედრის ფორმატზე გრძელდება.