დისკრიმინაციული და ფაშისტური იდეა - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირებისთვის ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარების დაკანონებას.
ინიციატივა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებმა ადა მარშანიამ და დავით ჭიჭინაძე მას შემდეგ დააყენეს, რაც აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა.
„ეს განცხადება არის დისკრიმინაციული, ხელს უწყობს სტიგმას და ფსიქიურად დაავადებული ადამიანებისადმი არა კეთილგანწყობილების გაზრდას. ამას ასდის ფაშისტური იდეოლოგიის სუნი, როდესაც ადამიანებს არჩევენ მისის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ეს არის უკიდურესად ცუდი განცხადება და ზოგადად ამ თემის წამოწევა ქართულ რეალობაში არის ძალიან სამარცხვინო,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი დაკავებულია ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრით და ეს მის განცხადებებითა და ქმედებებით ჩანს.
„ადამიანი, როცა დღევანდელ ქართულ პოლიტიკას, პარლამენტს, პრეზიდენტს, უმრავლესობას, მასთან ასოცირებულ პატრიოტთა ალიანსს უყურებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს აზრი მოუვიდეს თავში. ფაქტია, რომ პრეზიდენტი დაკავებულია იმით, რომ ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოს თავის განცხადებებით და თავის მოქმედებებით, ხოლო უმრავლესობა და მასთან ასოცირებული პატრიოტთა ალიანსი დაახლოებით იგივეთია დაკავებული,“- ამბობს ლევან თარხნიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა შეურაცხმყოფელია. ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნილია ეთიკის საბჭო, რომელიც პარლამენტის წევრებს ავალებს, რომ ეთიკურად მოახერხონ თავიანთი აზრების გამოხატვა.
"ზოგს ეს უჭირს აშკარად. მე რომ ვიყო ადრესატი ამ განცხადების, მე გამოვიყენებდი მაგალითად ეთიკის საბჭოს მექანიზმს. რამდენი უცენზურო, არა ეთიკური, არა კომპეტენტური, უაზრო განცხადება გაკეთდება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან სულ არ მიმაჩნია საკუთარ მოვალეობად ყველაფერზე პასუხის გაცემა. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე მოაგროვონ საკუთარი ამომრჩეველი. მეცოდება უბრალოდ ქართველი მოქალაქეები ამის სმენა რომ უწევთ ეთერიდან,“- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ავტორი: თამთა ჯიქია