გამჭვირვალე სასამართლოს სისტემა და კეთილსინდისიერი მოსამართლეები - სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, დღეს იურისტმა კახა კოჟორიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარ პრობლემად რჩება კლანისა და გავლენების არსებობა.
იურისტის თქმით, პრობლემებზე ვენეციის კომისიის წევრებთანაც ისაუბრებენ, რომელთა ვიზიტიც ერთ კვირაშია დაგეგმილი.
„ორი მთავარი პრობლემაა დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. პირველი ეს არის კლანის არსებობა და მეორე ეს არის კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა - ეს ორი მთავარი პრობლემაა და ეს გვინდა ჩვენ ავუხსნათ ვენეციის კომისიას. საკანონმდებლო მოდელი არ არის იმდენად პრობლემური, რამდენადაც არსებული რეალობა, რომ ამ საკანონმდებლო მოდელს გამოიყენებს ეს საბჭო, ეს კლანი და შესაბამისად ისინი მოიქცევიან ისე, როგორც იქცეოდნენ მთელი ამ წლის განმავლობაში, რომ ცდილობენ გავლენიან თანამდებობაზე დანიშნონ ან საკუთარი თავი, ან ის ადამიანები, რომლებზეც გავლენის მოხდენა მათ შეუძლიათ,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსანდრე ბარამიძეც. მისი თქმით, აუცილებელია დროული ცვლილებები. ბარამიძე ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეც საუბრობს, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება და მას "მოსამართლეთა კლანის" ინტერესებზე მორგებულს უწოდებს.
“ეს არის ძალიან ცუდი კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ სისტემაში არ დაუშვას სასამართლოს გარედან კანდიდატების შეშვება და მეორეს მხრივ პირიქით უზენაესი სასამართლოს კანდიდატებად წარედგინოს მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სასამართლოში გაბატონებული კლანისთვის იქნება ასე ვთქვათ დამაკმაყოფილებელი,“ - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.