„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2“-ს წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევას ეხმაურება. საუბარია ახალ სასამართლო დავაზე, კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ დაიწყო. ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე.
ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას.
„ეს არის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ ჩაიგდო მან დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი, სამართლიანი სასამართლო ხელში და ახლა მიდის ბრძოლა დემოკრატიის მთავარი ღირებულების, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ,“-აცხადებს გოგუაძე.
ნინო გოგუაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გადაწყვეტილების უგულვებელყოფას მიზანმიმართულად ახდენს. გოგუაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს და რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს აშენებას ცდილობს.
„სტრასბურგმა გამოიყენა დროებითი შეჩერების მექანიზმი და აუკრძალა ხელისუფლებას ნებისმიერი მოქმედება „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს და ცდილობს, რომ აქ რუსეთის ტიპის სახელმწიფო ააშენოს,“-განაცხადა გოგუაძემ.