16 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მორიგი შეტევა "რუსთავი 2-ზე" - რა წერია ნინო ნიჟარაძის სარჩელში

მორიგი თავდასხმა "რუსთავი2"-ზე და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი სასამართლოში - ნინო ნიჟარაძის სარჩელი 5 მოთხოვნისგან შედგება, საიდანაც მხოლოდ 2 ეხება უშუალოდ მას. ის ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც მას არ მიეცა საშუალება, გაეყიდა კუთვნილი 9%-იანი წილიდან 4%.

ნინო ნიჟარაძე სწორედ ამ საკითხის საფუძველზე მოითხოვს, რომ ზიანის ანაზღაურება მოხდეს, თანხა 28 მილიონი ლარია. ზიანის ანაზღაურებას ის კომპანიის დანარჩენი მეწილეებისგან, გია და ლევან ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია „საქართველოსგან“ ითხოვს.

სარჩელში ასევე მითითებულია, რომ საეჭვოა გარკვეული ქმედებები, რომელიც „რუსთავი 2-ში“ განხორციელდა. ნინო ნიჟარაძის აზრით, არხის მოქმედი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით „რუსთავი 2-ს“ დიდი ზიანი ადგება.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების შეფასებით კი, დავა სამართლებრივი კუთხით აბსურდია და რეალურად პოლიტიკური მოტივები იკვეთება. მათი თქმით, ნინო ნიჟარაძე დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, ხელისუფლების ხელში ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„ნინო ნიჟარაძე ჯერ კიდევ ქიბარ ხალვაშამდე ცდილობდა გარკვეული მანიპულაციების განხორიცელებას, რა თქმა უნდა ხელისუფლების სახით. მაშინ არ გამოუვიდათ, მაშინ ნინო ნიჟარაძე ცდილობდა, რომ საკუთარი 9% წილიდან 4 პროცენტი გაეყიდა. ოღონდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, კრება იქნა მოწვეული და ამის საფუძველზე ვითხოვეთ საპირისპირო უფლება, რომ უპირატესი შესყიდვა მომხდარიყო, თუმცა მან განაცხადა უარი.

„წავიდა, იჩივლა სასამართლოში და ამბობდა, რომ მას მიადგა ზიანი. შემდეგ ეს სასამართლო პროცესი შეწყდა. მან გაიხმო სარჩელი იმიტომ, რომ ხელისუფლებას უკვე ქიბარ ხალვაში ჰყავდა ასპარეზზე შემოყვანილი და ნიჟარაძე თავის მხრივ წარუმატებელი იქნებოდა აპრიორი და ქიბარ ხალვაში უფრო კარგი არგუმენტი და კარგი ბერკეტი იყო „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩასაგდებად. ამიტომ ნიჟარაძე აღარ იყო საჭირო, მაგრამ ქიბარ ხალვაშის დავა დასრულდა სტრასბურგის საყოველთაოდ ცნობილი გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიებით შეჩერდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

„ვერ გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“, ვართ სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში. ამის პარალელურად ვერ ითმენს მთავრობა და ამიტომ ისევ იქნა გამოყენებული ნინო ნიჟარაძე, ძველი მოთხოვნით, რომ მაშინ, 2015 წელს როდესაც ის ცდილობდა, გაეყიდა თავისი წილი, მას ჰყავდა ვითომ ინვესტორი, მყიდველი, მას ვითომ შეეძლო მიეღო შემოსავალი, მაგრამ ვერ მიიღო ამ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების თქმით, ნინო ნიჟარაძის სარჩელი ბუნდოვანია და მისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

დაკავშირებული სურათი„ნინო ნიჟარაძის სარჩელი არის ბუნდოვანი და ზოგადი, საიდანაც კონკრეტული ინფორმაციის მიღება, თითქმის, შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ მის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები დაყენებული იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თეორიული შანსი გაჩნდეს ხელისუფლების მიერ კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილების. სხვა დატვირთვა და დანიშნულება ამ სარჩელს, ფიზიკურად, არ გააჩნია.

„სავარაუდოდ, ნინო ნიჟარაძე სასამართლოს მოსთხოვს მენეჯმენტის ცვლილებას, კერძოდ, იტყვის, რომ მენეჯმენტი ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს თავს, ამით აზიანებს კომპანიას, ამიტომ აუცილებელია სხვა პირის დანიშვნა, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიას. ბუნებრივია, ამის მიზანი იქნება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ან გაკოტრების რეჟიმში გადაყვანა ან უბრალოდ დროებითი მმართველის დანიშვნა, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის. მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები