16 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
„მიდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, ასეთი ტელევიზია კი ხელისუფლებას არ აწყობს" - მედია ექსპერტები "რუსთავი2"-ზე 

მედია ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლებამ დიდი ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და ახლა ყველა გზით "რუსთავი2"-ის, მთავარი კრიტიკული ტელევიზიის, გაჩუმებას ცდილობს. 

მასკომუნიკაციის დოქტორის, ნინო დანელიას განცხადებით, ტელეკომპანიაზე თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობს. მისი თქმით, ახლა მთავარია საზოგადოების გაერთიანება, რათა გადამწყვეტმა საპარლამენტო არჩევნებმა დამოუკიდებელი მედიის გარეშე არ ჩაიაროს. 

„მიდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი და ამ პროცესში, რასაკვირველია, პოპულარული, რეიტინგული, კრიტიკული მედია, რომელსაც ყოველდღე აქვს ექსკლუზიური სიუჟეტები, სადაც ისმის ჩვეულებრივი მოქალაქეების პრობლემები, მათი ხმა, ტკივილი, ბუნებრივია ასეთი ტელევიზია ხელისუფლებას არ აწყობს. არჩევნები ახლოვდება, ვიცით, რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი არჩევნები, ამ არჩევნების წინ ხელისუფლებას სურს მოისუფთავოს ველი და მშვიდად მიიტაცოს სახელმწიფო. ბუნებრივია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მთელი საზოგადოება შეეწინააღმდეგება ამ პროცესს და გამოუცხადებს სოლიდარობას არამხოლოდ "რუსთავი2"-ს და დამოუკიდებელ მედიას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს“-ამბობს დანელია. 

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ „რუსთავი2“ არის ტელევიზია, რომელიც აფხიზლებს და იბრძვის შეტევა რუსთავი2-ზე არის შეტევა დემოკრატიაზე.

„ჩვენ არ დავთმობთ "რუსთავი2"-ს , ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, მოგვწონს "რუსთავი 2"-ის დირექტორი, ჟურნალისტი, ასეთია, ისეთია, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ "რუსთავი2"-ს არ დავთმობთ,“-ამბობს ლაშა ტუღუში.

პორტალ ”კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” დირექტორი, ლიკა შავგულიძე ბასილაია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნიკა გვარამიას ტექსტები აღიზიანებს, თუმცა საზოგადოებას არ აინტერესებს რა არ მოსწონს ივანიშვილს,

„ახლა საფრთხე ემუქრება „რუსთავი2"-ის კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა გვეჭიროს პულსზე ხელი, ხომ არ უხვევს ეს ხელისუფლება პროდასავლურ გზას და საჭიროების შემთხვევაში შემოვაცხოთ განგაშის ზარები,“-ამბობს შავგულიძე-ბასილაია.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები