16 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ქოჩიაშვილის ხელით ივანიშვილმა და „ოცნებამ“ გადაწყვიტა, გააჩეროს "რუსთავი2" - გიორგი კაპანაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, გააჩეროს რუსთავი2,“ - ეს განცხადება კავკასიის ინტერნეტმედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შეტევის შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რითაც ის დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. ამ მოთხოვნის უკან, კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ხელისუფლება დგას.

გიორგი კაპანაძე რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას პირდაპირ ხელისუფლებას უკავშირებს.

კაპანაძე სასამართლოში შეტანილ სარჩელსაც ეხმაურება, სადაც სასამართლო დავა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა უნდა განიხილოს.

კაპანაძის თქმით, რუსთავი2 არ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის შესახებაც ქოჩიაშვილს მსჯელობა მოუწევს. თავის დროზე სწორედ ქოჩიაშვილი იყო მაესტროს საქმის განმხილველი მოსამართლეც.  

„2016 წელს ის იხილავდა ტელეკომპანია მაესტროს საქმეს და მან, ფაქტობრივად, დახურვისთვის გაწირა ეს ტელეკომპანია და ამაზე მისი დირექტორიც კი საუბრობდა. გარდა ამისა, ქოჩიაშვილი მონაწილეობდა რუსთავის ფოლადის საქმის განხილვაში და მისი გადაწყვეტილებით, 360 ადამიანი დარჩა უმუშევარი. მაშინაც დირექტორები ადანაშაულებდნენ მას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, გააჩეროს რუსთავი2 იმ სახით, რა სახითაც ის არსებობს, თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება რუსთავი2-თან ერთად გააჩერებს ყველა პოლიტიკურ ძალას და გამორთავს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელის გადაწყვეტს მედიის წინააღმდეგ ბრძოლას,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები