რუსთავი2-ის გაჩუმების და ოპოზიციური მედიის გაჩუმების მცდელობას მოჰყვება ძალიან მძაფრი რეაქცია, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე საერთოდ,“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი.
მისი თქმით, მორიგი თავდასხმა რუსთავი2-ზე მხოლოდ ქვეყანას დააზარალებს, ხელისუფლება კი ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება.
"მე მგონი, ქართული სახელმწიფოსთვის ეს მანიაკური აჩემება, რომ გინდა, თუ არა, რუსთავი2 რაღაცნაირად წაიღოს და ჩაიდოს ჯიბეში, ეს პრინციპში ქართული სახელმწიფოსთვის არის დამაზარალებელი, თორემ ხელისუფლებას ეს რომ არ გაუვა და აუცილებლად დასრულდება სიტყვის თავისუფლების პრინციპების გამარჯვებით, ამაში ეჭვი არ მეპარება,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ალეკო ელისაშვილი, ხელისუფლებას ურჩევს, ძველ გამოცდილებაზე ისწავლოს. მისი თქმით, რუსთავი2, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ზუსტად იმ ფორმით გავა ეთერში, როგორც ახლა.
„მაშინ, როდესაც კბილები წაიმტვრიეს რუსთავი2-თან, წესით, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ არ ღირდა ბრძოლის ასე გაგრძელება. რუსთავი2 ეთერში იმ შინაარსით, რომელითაც გადის უნდა გადიოდეს. ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ასე უნდა იყოს და ასე იქნება. ძალიან კარგი იქნება, თუ დასკვნებს გამოიტანს ხელისუფლება და ამ სისულელეზე, ამ ამაო ძალისხმევაზე უარს იტყვის,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ქართული სასამართლოს მიმართ არსებულ უნდობლობაზე საუბრობს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. პაატა დავითაია ამბობს, რომ ყველამ, ვინც კი რუსთავი2-ის წინააღმდეგ წავიდა, წააგო.
„ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს საერთაშორისო სასამართლოსი. საინტერესო იქნება, თვითონ როგორ მოხდება ამ ორივე ფაქტის ზეწოლის დაკავშირება ერთმანეთთან სტრასბურგში და, თუ ეს მოხერხდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ბევრი რაღაც მომენტებია, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსთავი2 გამარჯვებული დარჩება ამ ბრძოლაში,“ - აცხადებს პაატა დავითაია.