მოსამართლე, რომელმაც რუსთავი2-თან დაკავშირებული მორიგი სასამართლო დავა უნდა განიხილოს, ლაშა ქოჩიაშვილია.
უვადოდ გამწესებული მოსამართლის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება და მას სწორედ სასამართლო კლანის წარმომადგენლად მოიაზრებენ.
მის მიერ განხილულ საქმეებს შორისაა დავა რუსთავის მეტალურგიულის გარშემო პატარკაციშვილებსა და ჯოზეფ ქეის შორის.
რუსთავი2 არ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის შესახებაც ქოჩიაშვილს მსჯელობა მოუწევს. თავის დროზე სწორედ ქოჩიაშვილი იყო მაესტროს საქმის განმხილველიც მოსამართლეც.
სხვადასხვა პერიოდში მისი სახელი და გვარი სასამართლოს პრობლემებთან დაკავშირებულ არაერთ ანგარიშშიც მოხვდა.
2017 წლამდე ლაშა ქოჩიაშვილი იყო მოსამართლეთა პროფესიული გაერთიანება მოსამართლეთა ერთობის წევრი და მან, 10-მდე სხვა მოსამართლესთან ერთად, პროფესიული გაერთიანება დემარშით დატოვა. მიზეზი კი მოსამართლეთა ერთობის საკმაოდ კრიტიკული განცხადება გახდა, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას ეხმაურებოდა. ქოჩიაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაემიჯნა ამ განცხადებას და დემარშით დატოვა გაერთიანება.
ქოჩიაშვილის დემარშით წასვლას ყოფილი მოსამართლე, ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე, მაია ბაქრაძე, იხსენებს.
ბაქრაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთობამ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესების დროს კონკურსის არაობიექტურად ჩატარება გააკრიტიკა. ამ განცხადებას კი ქოჩიაშვილი გაემიჯნა.
„მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა მიხეილ ჩინჩალაძე, მოსამართლეთა ერთობამ გააკეთა ძალიან კრიტიკული განცხადება და მაშინ აღვნიშნეთ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მომხდარიყო, ვინაიდან კონკურსი ჩატარდა სრულიად არაობიექტურად. ამ განცხადებას მოჰყვა ზუსტად დემარში მოსამართლეების მხრიდან, მაშინ ერთობა დატოვა ყველა მოსამართლემ, თითქმის. ბატონი ლაშაც მოხვდა ამ მოსამართლეთა სიაში, თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ლაშას სურვილი იყო ეს, არც იმას ვფიქრობ, რომ ლაშა იდეოლოგიურად ამ კლანის მიმდევარია. მე გეტყვით, რომ დღეს აღარაა გარჩევა საერთოდ სასამართლოში იმიტომ, რომ ინდივიდუალური მოსამართლე ძალიან რთულად თუ მოიძებნება, ისეთი ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, ვინ განიხილავს კონკრეტულად თქვენს საქმეს ან სხვა საქმეს, ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, რა პოლიტიკა ექნება გატარებული კლანს,“ - აცხადებს მაია ბაქრაძე.
ქოჩიაშვილი ახლა ერთ-ერთია იმ 4 მოსამართლეს შორის, რომელით თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციის კომერციულ დავებს იხილავს, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
ეს ვიწრო სპეციალიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა, დაახლოებით, ორი წლის წინ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, თამთა კახიძე, სწორედ ვიწრო სპეციალიზაციის პალატაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შექმნას ბევრი ხარვეზი ჰქონდა.
„ამ პალატის შექმნას ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო, როგორ შეირჩნენ მოსამართლეები ამ ვიწრო სპეციალიზაციის პალატაში. გაწერილი კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო, საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რა მოტივით და რა საფუძვლით მოხვდა კონკრეტულად ეს 4 მოსამართლე, როგორც მოხვდა ამ შემადგენლობაში. ერთ-ერთი იყო ლაშა ქოჩიაშვილი, რომელიც მოხვდა ამ ვიწრო სპეციალიზაციაში,“ - განაცხადა თამთა კახიძემ.