სარჩელი "ნინო ნიჟარაძე რუსთავი2-ის, მისი მეწილეების და დირექტორის წინააღმდეგ" 23- გვერდიანია. დოკუმენტში კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელს მოთხოვნები 5 პუნქტად აქვს გაწერილი. დავის მოგების შემთხვევაში, ნიჟარაძე, თითქმის, 28.5 მილიონ ლარს ითხოვს.
სარჩელის აღწერილობაში ავტორს მითითებული აქვს, რომ დავა სამეწარმეო სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება. რუსთავი2-ის იურისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ფორმალურად მოსარჩელე ნიჟარაძე ხელისუფლების ინტერესს ასრულებს.
ნინო ნიჟარაძის სარჩელის ძირითადი ხაზი რუსთავი2-ის არსებული მენეჯმენტით უკმაყოფილებაა. 5-დან 3 მოთხოვნა სწორედ კომპანიის ხელმძღვანელების მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებით მიყენებულ ზიანს უკავშირდება.
პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნით ნინო ნიჟარაძე რუსთავი2-ის პარტნიორთა კრების 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების მეორე საკითხის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვით, მას კუთვნილი 9-პროცენტიანი წილიდან 4 პროცენტის გასხვისების უფლება არ მისცეს.
ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ 4 წლის წინ ამ გადაწყვეტილებით, თითქმის, მილონნახევარი ლარი იზარალა და ახლა მის ანაზღაურებას ითხოვს.
ნიკა გვარამია მაშინ ამ სადავო კრებას ესწრებოდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი2-ის სხვა მეწილეებისგან უარს საფუძვლიანი არგუმენტი ჰქონდა. ნიკა გვარამია ასევე აცხადებს, რომ მაშინ ნიჟარაძეს კომპანიის მეწილეებმა შემხვედრი წინადადებით მიმართეს, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
კომპანიის იურისტები ამბობენ, რომ ნიჟარაძემ პარტნიორთა კრების სადავო გადაწყვეტილება სასამართლოში მაშინვე გაასაჩივრა, თუმცა, მოთხოვნა მალევე უკან გამოიწვია. მიზეზი რუსთავი2-ის წინააღმდეგ სამართლებრივ პოლიტიკურ დავაში ქიბარ ხალვაშის გამოჩენა იყო.
ნიჟარაძის ადვოკატი ამბობს, რომ 2015 წლის მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2 ვერ გადაიფორმა. გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივი მოცემულობა მათთვის იგივეა, რამაც მოთხოვნის ხელახლა დაყენების აუცილებლობა განაპირობა.
რუსთავი2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის სარჩელის დანარჩენი სამი მოთხოვნა კომპანიის მენეჯმენტის მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მაგალითად, მოყვანილია უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი ზრდა და სარეკლამო დროის გაყიდვა შპს ინტერმედიაზე. ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებებით კომპანიას ზარალი მიადგა. ნიჟარაძის მთავარი მტკიცებულება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნებია.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შპს ინტერმედიასთან დადებული ხელშეკრულებით რუსთავი2-მა 10 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, კომპანიის დირექტორისა და იურისტებისთვის გაუგებარია, როგორ დათვალეს ან საიდან მოიტანეს აღნიშნული რიცხვი.
რუსთავი2-ის ხელმძღვანელები და იურისტები ამტკიცებენ, რომ ნიჟარაძის სარჩელი სამართლებრივად უსაფუძვლოა და მას პოლიტიკური ელფერი აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არიან, დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გააგრძელონ.