"ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2 და შესაბამისად, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი," - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას.
არხის გენერალური დირექტორი გადაცემა არჩევანში აცხადებს, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ამჯერად რუსთავი2 არის არა თავდაცვის რეჟიმში, არამედ გადადის თავდასხმის რეჟიმზე.
„ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, საერთაშორისო ჩარევას. ეს ნიშნავს არამხოლოდ უარს, თავი დაანებოს რუსთავის2-ს და დაიცვას დემოკრატიის ელემენტარული წესები, ეს ნიშნავს განაცხადს, რომ ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, რომ არ გავუწიოთ ანგარიში ჩვენ ყველამ უკვე ხელისუფლებას და ჩემი განაცხადი, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც იქნება თავდასხმითი რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2 და შესაბამისად დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა დაიწყო, დამთავრდება ამგვარად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა რუსთავი2-ზე შეტევას, არხი გადაარჩინა სტრასბურგმა. ამჯერად კი, ნიკა გვარამიას თქმით, იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს.
„ყველას ვურჩევ, რომ ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის საფლავში. ეს კაცი მთავრდება, გამოდით და გაანებეთ თავი. აი, პირდაპირ არ დაემორჩილოს მინისტრი, არ დაემორჩილოს რომელიღაც სამსახურის უფროსი. გამოვიდეს და თქვას იმიტომ, რომ ეს კაცი მთავრდება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.