მორიგი თავდასხმა რუსთავი2-ზე - სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ადვოკატის შეთავაზებას ნიკა გვარამია პასუხობს.
სამაუწყებლო კომპანიის დირექტორისთვის გაუგებარია ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება, რომ საარბიტრაჟო დავას იმ შემთხვევაში დასთანხმდებიან, თუ რუსთავი2 გადაიხდის ანაზღაურებას.
„ჩვენმა მხარემ რატომ უნდა გადაიხადოს, ამას ვერ ვხვდები. თუ წავაგებთ, მაშინ დაგვეკისრება ამის ანაზღაურება, მაგრამ ეს ქალი მილიონერია, უზარმაზარი ქონება დარჩა გოგი გეგეშიძისგან, მათ შორის, რუსთავი2-ის ხარჯზე გაკეთებული. ჩემგან განსხვავებით, ის მილიონერი გახდა რუსთავი2-ის დირექტორობის დროს. გადაიხადოს! რაა, ფული არა აქვს, თუ რა. ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ ვიჩივლეთ, ჩვენ ვართ ინიციატორები რამის თუ რა? ჩვენ შევთავაზეთ, წავიდეთ და ვიდაოთ სხვაგან. ეს როგორც ხდება ცივილიზებულად, ისე უნდა წავიდეთ. სარჩელი მისია, თვითონ უნდა გადაიხადოს, ჩვენც წავყვებით. თუ წავაგებთ, ავუნაზღაურებთ ამ ზიანს, ამაზე თანახმა ვართ. 26-მილიონიანი მოთხოვნა აქვს, რაღაც შიზოფრენიული, უკაცრავად, გააფრინა ჩვეულებრივად, 26 მილიონი ეს კომპანია არ ღირს საერთოდ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე, დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის, მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.