16 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
„ხელისუფლებას არ უნდა, ჩვენი მოქალაქეების ხმა ისმოდეს ეთერიდან" - ნინო დანელია

„ხელისუფლებას არ უნდა, ჩვენი მოქალაქეების ხმა ისმოდეს ეთერიდან,“ - ამის შესახებ მასკომუნიკაციის დოქტორმა ნინო დანელიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა. ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას კრიტიკული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. ნინო დანელიას განცხადებით, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს სწორედ ეს სამაუწყებლო კომპანია აშუქებს, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს.

მედიამკვლევარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგან რუსთავი2 ვერ გააჩუმა. ნინო დანელიას დამოუკიდებელი მედიის გადასარჩენად საზოგადოების იმედი აქვს. 

„ხელისუფლებას არ უნდა, რომ არსებობდეს მის მიმართ კრიტიკული ხმების პლატფორმა. მას არ უნდა, ჩვენი მოქალაქეების ხმა ისმოდეს ეთერიდან. რომ არ იყოს რუსთავი2, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემას ვერ გავიგებთ... ივანიშვილს აბრაზებს პერსონალურად ნიკა გვარამია, რომელიც ბედავს და მას შეურაცხყოფას აყენებს, მას აბრაზებს ჟურნალისტების გუნდი, რომელიც ვერა და ვერ აიღო. მოერია ყველას და ყველაფერს, დაშალა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, რაც წინ გადაეღობა, თქვენ ვერ მოგერიათ, ეს აგიჟებს მას, აბრაზებს. ძალიან გაბრაზებულია. რისი გამკეთებელია სასოწარკვეთილი ადამიანი? ყველაფრის. მე საზოგადოების იმედი მაქვს. თუკი ნიკა გვარამია წააქციეს, ფეხი აუსრიალდა, თუკი შევიდა რაღაც გარიგებაში, ხომ ამბობენ, რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი ბევრი ფულით, თუ რაღაც გააკეთეს ისეთი, რაც ნიკას წინააღმდეგობას შეამცირებს, მერე მოგერევიან გიორგი, შენც და ყველა ადამიანს იმიტომ, რომ ფუნდამენტების გამოცლით ორგანიზაცია დაინგრევა. ნიკა არის ცენტრალური ფიგურა მთელ ამ გუნდთან ერთად, ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, გრიმიორებთან, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ფეხს არ იცვლის და მზად არის, თავს დაესხას ივანიშვილს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები