მორიგი შეტევა რუსთავი2-ის წინააღმდეგ და საეჭვო სარჩელი არხის წინააღმდეგ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც მესამე სექტორს ეჭვს უჩენს, რომ ახალი სამართლებრივი დავის უკან ხელისუფლება დგას.
სულხან სალაძეს მაგალითისთვის ის დავა მოჰყავს, რომელის აღსრულებაც სტრასბურგმაც შეაჩერა. სალაძე აცხადებს, რომ აბსურდულია თავად მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელემ წამოაყენა.
„ეს საკითხი შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ და ერთი ეს არის სამართლებრივი მხარე ამ სარჩელის და მეორე, მთელი ის პროცესი, რასაც ჩვენ ბოლო წლებია, ვხედავთ. მეორე საკითხს თუ მივუბრუნდებით, ამ ბოლო წლების პროცესებს, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეიძლება, რაიმე ფორმით რუსთავი2-თან იყოს დაკავშირებული, იმ წამსვე აჩენს ასოციაციას, რომ შეიძლება, ამ პროცესების უკან დგას ხელისუფლება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
ის აცხადებს, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა აზარალებს მედიაგარემოს.
სულხან სალაძე აცხადებს, რომ დღეს არ დგას საკითხი რუსთავი2-ის მოწონება-არმოწონებაზე. მისი შეფასებით, დღეს განიხილება დემოკრატიის საკითხი.
„აქ არ არის საუბარი, ვინმეს მოსწონს რუსთავი2, არ მოსწონს გვარამია. მეც ბევრი რამე არ მომწონს რუსთავი2-ზე, მაგრამ ერთი უნიკალური თვისება მაქვს, გადავრთავ სხვა არხზე, მერე ხშირად ვბრუნდები ისევ უკან, მაგრამ მაინც. აქ მოწონება-არმოწონებაზე აღარ არის. რუსთავი2 მნიშვნელოვანია, თუნდაც, იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლითაც ის არსებობს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.