"რუსთავი2-ის გაჩუმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ივანიშვილისთვის იმიტომ, რომ მოდის საპარლამენტო არჩევნები," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დავასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე, მე, ხატია დეკანოიძე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, პირველ რიგში და ჩემთვის რუსთავი2 არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღირებულებითი ნაწილი. ჩემთვის რუსთავი2 არის ის მიზანი, რატომაც მე ვრჩები ამ ქვეყნის მოქალაქედ, რატომაც ჩემი მშობლები აქ ცხოვრებენ, რატომაც ჩემმა შვილმა მინდა, რომ აქ იცხოვროს, რატომაც მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მე ამას ვხედავ რუსთავი2-ში,“ - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ის ამბობს, რომ რუსთავი2-ის გაჩუმება ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება.
„უცებ რომელიღაცა ქალბატონმა გაიღვიძა, დაესიზმრა, რომ რუსთავი2-ის წილის მფლობელია და რაღაცა ფურცელი დაჯღაბნა, მერე ყველამ ერთად რაღაცა კომბინაცია გაითამაშეს და მერე ყველამ ერთად შეაქო ჩვენი ერთ-ერთი ყველზე დამღუპველი ამ ქვეყნის რეჟიმი. არავითარ სასამართლო თუ სამართლებრივ საკითხებში წასვლა ამ სიბრტყეში არ შეიძლება. მეორე, რუსთავი2-ის გაჩუმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ივანიშვილისთვის იმიტომ, რომ მოდის საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსთავი2 სძულს და მის გაჩუმებას ცდილობს.
„რუსთავი2 არ არის მხოლოდ ღირებულებები, რუსთავი2 არის დემოკრატიის ერთადერთი შუქურა და ფანჯარა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია, რაღაც დავინახოთ. ჩვენ შეგვიძლია, სადღაც მივიდეთ, ჩვენ შეგვიძლია, რაღაც ვუთხრათ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.