„ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი განწირულია რუსთავი2-თან ომში მარცხისთვის,“ - ეს განცხადება რესპუბლიკურიპარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.
არჩევანი ეთერში საუბრისას თამარ კორძაიამ სამაუწყებლო კომპანიაზე დაწყებულ მორიგ შეტევაზე ისაუბრა, რადგან კომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპენსაციას ითხოვს.
კორძაია აცხადებს, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული, ხელისუფლების წევრების ჩათვლით, ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას მედიასთან დაკავშირებით.
„კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული აქვს ვრცელი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც, ფაქტობრივად, თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ მედიაში ხელისუფლება შემოდის რეგულირების სახით. ჯერჯერობით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტებს არ განუხილავთ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი ხანია მუშავდება და შესულია პარლამენტში და ძალიან სახიფათო ვრცელი ინიციატივაა, რაც ასევე ყურადსაღებია,“ - განაცხადა კორძაიამ.
კორძაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მორალის ნაცვლად, კანონებით და სამართლის ენით ესაუბროს.
„როდესაც ხელისუფლება ლაპარაკს იწყებს მორალზე, ის პროფესიულად და კვალიფიციურად გაკოტრებულია და ამიტომ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ მორალზე მიუთითონ საზოგადოებას. გველაპარაკონ კანონით და სამართლით და მერე ვნახოთ, ვის მხარეს იქნება სიმართლე... ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის თავისი იდეა იმდენად ჯიუტად აქვს გამჯდარი, პირველად რომ მოვიდა და თქვა, რომ მედიასაც დაალაგებს, ასწავლის ჟურნალისტებს და საერთოდ ექსპერტებს აღზრდის ამ ქვეყანაში, ყველა ამ მიმართულებით ის დამარცხდა და ახლა ის გაჯიუტებულია და იქნებ, ვინმემ ურჩიოს მას დროზე, რომ ეს გაჯიუტება მას საბოლოო მარცხამდე მიიყვანს, ეს გარდაუვალი იქნება. მე პირადად მასაც მინდა, მივმართო - ბატონო ბიძინა, აღმშენებლობის სახელით მოსული ადამიანის სიმბოლო იქნება მოთხრილი ხე, ეულად მცურავი წყალში. თქვენ დარჩებით ეულად და თქვენი სახელი ჩვენი ქვეყნის მოთხრასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს ქვეყანა აშენდება, მაგრამ აშენდება უთქვენოდ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.