"დეჟავუს განცდა" - ასე ეხმაურება რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ სახელისუფლებო შეტევას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, მიიტაცოს რუსთავი2 და მთელი საქართველო და ამაზე მეტყველებს, როგორც მისი, ასევე მისი მთავრობის წევრების განცხადებები.
„ვუყურებთ ივანიშვილს, რომელსაც დაუოკებელი სურვილი კლავს, რომ ხელში ჩაიგდოს რუსთავი2 და ჰგონია, ამით შეცვლის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ რეალობას ქვეყანაში. ვუყურებთ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც კომენტარების გამკეთებლები იგივენი არიან. დგანან მორჭმული სახით და აკეთებენ კომენტარებს იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. კალაძემ განგვიცხადა ისიც, რომ ზედემოკრატია და ზეთავისუფლებააო ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, მას ივანიშვილის წერილების გარდა, არაფერი არ აქვს წაკითხული და ზე ბრძენი ჰგონია ეს კაცი. ივანიშვილმა რუსთავი2-ის მიტაცების სურვილთან ერთად, მან პრაქტიკულად მიიტაცა მთელი ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
ის გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.
"ვფიქრობ, უნდა შედგეს ერთიანი ეროვნული სახალხო ფრონტი, უნდა დაიწყოს საერთო სახალხო გამოსვლები, რომელიც შეიწირავს ამ რეჟიმს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.