ფონდ ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორი რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს.
ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ დიდი ალბათობით წააგებს არჩევნებს, რუსთავი2-ს საფრთხედ აღიქვამს. ამიტომ, ლაშა ტუღუშის თქმით, ივანიშვილი ცდილობს, რუსთავი2 გააჩეროს.
„მე მაქვს განცდა საფრთხის და ამ შემთხვევაში ბოლომდე შეეცდებიან, წავიდნენ, განსხვავებით იმისგან, რაც იყო ადრე იმიტომ, რომ წინა ისტორიიდან გამომდინარე, ასე დრამატულად არ ჩანდა არჩევნების და პოლიტიკის, ძალაუფლების ბედი. ახლა ბევრად უფრო დრამატული ვითარებაა. ალბათობა, რომ წააგებენ არჩევნებს, დიდია. აქედან გამომდინარე, ფასიც დიდია,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისივე თქმით, რუსთავი2-ს სჭირდება დაცვა და ის იქნება პირველი, ვინც დადგება არხის სადარაჯოზე.
„მე ვიქნები ერთ-ერთი ჯარისკაცი და დავდგები, როგორც მოქალაქე და დავიცავ ბოლომდე რუსთავი2-ს იმიტომ, რომ რუსთავი2-ზე დღეს მართლა გადის ქვეყნის დემოკრატიის ბედი და მომავალი. საფრთხე არის ძალიან სერიოზული. მე არ ვარ მომხრე გადატრიალებების. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და შეიცვალოს ხელისუფლება. ძალიან ბევრი ხალხი მოვა აქ და არავინ არ დაუთმობს რუსთავი2-ს,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.