„სიტყვის თავისუფლება რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ - ასე მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში.
სოზარ სუბარი „რუსთავი2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა. ის ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამართლებრივი დავა. სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, რასაც ტელეეთერიდან გინებაც ადასტურებს.
”თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ან ვისაც აქვს სურვილი, მფლობელს, 9%-ის იქნება, თუ რამდენისაც არის, აუკრძალოს სასამართლოში ჩივილი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩვენ ეს ადამიანები არ ვართ. ასე შეიძლება იქცეოდა წინა ხელისუფლება, იმის წინაც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ადამიანი ჩივის სასამართლოში, სასამართლოში გაირკვევა, სად არის სიმართლე და როგორ არის სიმართლე. სიტყვის თავისუფლება რომ გარანტირებულია, თქვენც კარგად ხედავთ, რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. არაუშავს. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.