19 დეკემბერი 2024,   19:10
ვრცლად
თავდასხმა სანდრა რულოვსზე - არჩევნებამდე 5 დღით ადრე ზუგდიდი დაპირისპირებების ეპიცენტრი ხდება

არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ზუგდიდი დაპირისპირებების ეპიცენტრი ხდება. თავდასხმების სამიზნე გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატია.

სანდრა რულოვსს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც დადიანების სასახლის ეზოში ტელეკომპანია „ოდიშს“ ინტერვიუს აძლევდა. მმართველი პარტიის ხუთმა მხარდამჭერმა ინტერვიუ ჩაშალა. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სანდრა რულოვსის ფოტოგრაფს, მუშტი ჩაარტყეს თბილისის საკრებულოს წევრს, ნიკა ვაჩეიშვილს და ფეხი დაარტყეს გადაცემა „ლუსტრაციის“ წამყვანს, ლევან თორიას.

ამ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ოპოზიციამ თავად მოახდინა. ფოტოგრაფი, რომელიც თავდასხმის ობიექტი იყო. პარალელურად ძალადობის ამსახველი ფაქტის მტკიცებულებას იღებდა. მასალის გაშიფვრის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხუთივე პირი, ვინც ძალადობის აქცია მოაწყო, „ქართული ოცნების“ აგენტი-პროვოკატორია. ოპოზიციის ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალაში ყოფილი სამართალდამცველი მელორი მიქავა, გელა კვარაცხელია, გელა თორია ჩანან. 

ხელისუფლების ოპონენტების განცხადების შემდეგ ზუგდიდის პოლიციაში მოძალადეები და დაზარალებულები გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მის შტაბის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის მხოლოდ ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავა.

კვარაცხელიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს და იგინებოდა "ძალა ერთობაშიას" შტაბის წევრების მისამართით. ის „კურიერთან“ საუბრის დროს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა პროვოკაციის უკან ხელისუფლება დგას.

ავტორი: ემა გოგოხია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები