16 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შეიძლება ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს - თინა ბოკუჩავა

რა უქმნის რეალურ პრობლემას ქვეყანას, ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ერთი ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგი, თუ სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან ჯერ გამოხატვის თავისუფლებაზე გალაშქრება, შემდეგ რევერანსები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ და იმის გაცხადება, რომ გამოიძიებს ტელეკომპანიის საქმიანობას და გაატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრობლემაა არა ის რა თქვა დამოუკიდებელი არხის ერთმა ჟურნალისტმა, არამედ ის ისტერიკა, რომელიც მოაწყო ხელისუფლებამ. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სასაცილოა იმაზე ლაპარაკიც, რომ თუნდაც მტრულად განწყობილი სახელმწიფო დაიწყებს საომარ მოქმედებას მხოლოდ იმიტომ რომ ჟურნალისტმა განცხადება გააკეთა.

„ეს სრულ მასშტაბიანი ისტერიკა რაც ხელისუფლებამ მოაწყო გუშინ ერთი ჟურნალისტის განცხადებაზე რეაგირებისას კიდევ ერთხელ ამხელს რეალურად რა არის ხელისუფლების დღის წესრიგი. ეს არის მაქსიმალურად შიშის ინსპირირება, ნაცვლად იმისა, რომ განიხილონ ეს როგორც ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადება  რომელიც შეიძლება ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს. სრული აბსურდია, ასევე ჩემი აზრით და მაპატიეთ გამოთქმისთვის მაგრამ უბრალოდ იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შეიძლება ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულად არ უნდა იყოს ის განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს ან ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება რომელიც ვერ მართავს კრიზისებს,“-განაცხდაა თინა ბოკუჩავამ.

სახელმწიფოს მხრიდან კერძო ტელეკომპანიის მისამართით გამოთქმულ ღია მუქარაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“. სერგი კაპანაძის თქმით, ყველაზე დიდი აბსურდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა შეაფასოს ჟურნალისტის მონოლოგი. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რა განცხადებებსაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არის ღია ჩარევა დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში. 

„არ შეიძლება, რომ სახელმწიფომ ეს ზღვარი გადალახოს და ჩაერიოს კერძო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში. ის მუქარები, რომ ეს ასე არ უნდა დარჩეს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულიად გაუგებარი განცხადება, რომ საერთშორისო თანამეგობრობამ შეაფასოს ჟურნალისტის განცხადება , არის სრულად წარმოუდგენელი. მარტივად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ როგორც ჩანს ხელისუფლებას თავის თავში ეს წითელი ხაზი გადალახული აქვს და აპირებს რომ ეს შეტევა გააგრძელოს რუსთავი 2-ზე და ზოგადად დამოუკიდებელ მედიაზე და ამას საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს აუცილებლად,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები