16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება - პარტნიორთა სხდომამ ნიჟარაძის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა 

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ არ დაუჭირა მხარი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ. ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.

დომინანტი პარტნიორებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც 9%-იანი წლის მფლობელი, ნინო ნიჟარაძის ინტერესები დამცველი, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა.

ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის შეფასებით, გიორგი გაბუნიას მონოლოგმა „პოსტ სკრიპტუმში“ საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა არხის რეპუტაციასა და იმიჯს.

ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველი, გიორგი ყავლაშვილი მიიჩნევს, რომ მონოლოგთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არხის გენერალურმა დირექტორმა უნდა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს. კითხვებით ნიჟარაძის უფლებადამცველს, ნიკა გვარამიამ მიმართა. 

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი დაინტერესდა არგუმენტებით:

„ჩემი გადაყენების საკითხი დგას ერთადერთი ფაქტის გამო, სარედაქციო პოლიტიკა და ა.შ. ეს ზოგადი საუბარია, ფაქტი არის შემდეგი, რომ მე არასათანადოდ დავგმე გაბუნია, სწორად მესმის? გაბუნია არ დავაცენზურე, მარტივად რომ ვთქვა, არ მოხსენი ეთერიდან მისი ტექსტი, ან ვიცოდი და მე თვითონ წავახალისე, ხომ სწორია? და მეორე, ეს ყველაფერი რომ მოხდა, არასათანადოდ დავგმე, სწორია?“ - მიმართა ნიკა გვარამიამ ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველს, რაზეც  გიორგი ყავლაშვილმა თქვა, რომ „არხს აქვს გარკვეული პოლიტიკა და რაც არხის ხელმძღვანელობას არ მოსწონს, ეთერში არ გადის“. 

 

პარტნიორთა კრების სრული ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე

დღის ამბები