16 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მედიის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები „რუსთავი2“-ის საქმეს ეხმაურებიან. ორ დღეში სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჯაროვდება.

მათი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების მთავარი დასაყრდენია. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს.

„მედიის თავისუფლების დაცვა სავალდებულო პირობაა, რადგან ის აჩვენებს საზოგადოების სიჯანსაღეს. თავისუფალი მედია მხოლოდ დემოკრატიის კარგი მხარე არ არის, ის არის დემოკრატიული წესის ნაწილი და „რუსთავი 2“ გამონაკლისი არ არის. ვიმედოვნებ, რომ მედიის თავისუფლება გარანტირებული იქნება ისე, როგორც ეს უნდა იყოს,“ - აცხადებს ლინკევიჩუსი.

დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მიროსლავ ლაიჩაკის თქმით, დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

„დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის არსებობა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის. ასე, რომ ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, ყველა ქვეყანას ეხება. ხალხს აქვს ინფორმაციასთან წვდომის უფლება. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის როლს ვერავინ ჩაანაცვლებს,“ - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.

დღის ამბები