ხელისუფლებამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შემდეგ პერსონალური შეტევა უკვე არხის გენერალურ დირექტორზე დაიწყო.
9 პროცენტიანი წილის მფლობელის სახელით სარჩელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, დღეს დილით პროკურატურაში შევიდა. აქციონერის ადვოკატი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნებს ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ არხი დააზარალა. ნიჟარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, "რუსთავი 2"-ისგან კი ფულს ითხოვს.
როგორც გიორგი ყავლაშვილი ამბობს, ნიკა გვარამიამ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, დააზიანა სამაუწყებლო კომპანიის ინტერესები.
„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, არ მომხდარა ამ დოკუმენტების გადმოცემა. ხოლო ის დოკუმენტები,რომლებიც იქნა მიღებული აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები და ფაქტები, ეს არის ძირითადად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ურთიერთობა ინტერმედიასთან, იმ პერიოდში როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და პირიქით საჭირო იყო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას. ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა იმ პერიოდში როდესაც ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა. ასეთ პერიოდში კონტრაქტი გაფორმდა კიდევ უფრო დაბალ თანხაზე. ნაწილი ფინანსური დოკუმენტების რომელიც გადმოგვეცა და მივიღეთ იმ ფინანსური დოკუმენტებიდან ნათელი გახდა ის გარემოებები რაზეც გვაქვს საუბარი. გახდა ნათელი რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანია ინტერმედიებში, მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელთანაც არის ხელშეკრულება გაფორმებული არის სხვა ინტერმედია, მისი დამფუძნებლებიც სხვა არიან. ერთ-ერთი მათგანია ბატონი მიხეილ მშვილდაძე. მიხეილ მშვილდაძე გახლავთ პრესკო-პროდაქშენის დამფუძნებელიც, პროდაქშენი კი კომპანიის იურისტთან ერთად დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად აფუძნებს ტელეარხ მესამეს და ჩვენგან არსებობს საფუძველი ვარაუდის, რომ გარკვეული თანხების აკუმულირება და გადაქაჩვა ხდება ამ სხვა სატელევიზიო კომპანიაში,“-ამბობს ყავლაშვილი.
განცხადებაში, რომელიც ყავლაშვილმა პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეიტანა სისხლის სამართლის სამი მუხლია მითითებული.