16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
„მნიშვნელოვანია არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება" - ომბუდსმენის თქმით, "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის ვერდიქტის დაჩქარებული ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს

"რუსთავი 2" სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში - ზუსტად 15 საათში ევროსასამართლო სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სტრასბურგის ვერდიქტის დაჩქარებული ინტერპრეტაცია ან გაშიფვრა არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა კარგად გაიაზრონ გადაწვეტილება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაიაზროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება.  მისი თქმით, გადაწყვეტილების შემდეგ ნათლად იქნება გაცხადებული, რა მოლოდინები აქვს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის აღსრულების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებების თუ გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ გადაწყვეტილებას და ცალსახად შევჯერდეთ ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ითხოვს და რას დაადგენს სასამართლო. შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული ინტერპრეტაციის სივრცე დატოვოს გადაწყვეტილებამ და იმისათვის, რომ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯები არ გადაიდგას, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დრო არსებობდეს იმისთვის, რომ ყველა ობიექტური მხარე, კომპეტენტური, კვალიფიციური მხარე შეთანხმდეს, თუ რას გულისხმობს სასამართლო და რეალურად, რა მუხლის დარღვევას დაადგენს ან არ დაადგენს. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება უკვე შემდგომ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, რაც გვაჩვენებს, თუ რა მოლოდინები ექნება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

დღის ამბები