ქიბარ ხალვაშის სურვილს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დაიბრუნოს „რუსთავი 2“, სამაუწყებლო კომპანიის გადაცემების და თოქშოუების თანამშრომლები ეხმაურებიან.
გადაცემების „ნანუკას შოუს,“ „პროფილის“ და „ვანოს შოუს“ თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება, გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა გრძელდება.
ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში სარედაქციო დამოუკიდებლობას არ უზრუნველყოფს.
„ბრძოლა ეტაპებისგან შედგება და ერთი ეტაპის ნაწილობრივი წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ვერ მოვიგებთ. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს არხი ერთიანია, როგორც არასდროს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი, რაც ჩვენ ამ ბრძოლას მომავალში მოგვაგებინებს.
„ეს არხი შედგება ადამიანებისგან, მესმის, რომ ქიბარ ხალვაშმა დახატა ლოგო, რომელსაც ის გვედავება, მაგრამ ამ ლოგოს მიღმა ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ათეულ წელზე მეტია, ვართ ერთი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. მე მესმის, რომ ბატონი ქიბარ ხალვაში ვერც ამ ორ სიტყვას ვერ გაიგებს და არც ვაპირებთ მისთვის ამის ახსნას.
„ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ ჩვენ შევალთ ამ ბრძოლაში ისედაც, ის წამოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, მაგრამ მთავარი არის, რომ თუ მან უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიტიკური ინტერესები არ აქვს ამ ტელეკომპანიასთან, შეეშვას ნიკა გვარამიას ამ შემთხვევაში და მით უფრო მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას გამყარებული აქვს პოზიციები კონტრაქტით და ის ბრძოლას სამართლებრივად მის საკითხთან დაკავშირებით აპირებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ნიკა გვარამია არის ჩვენთვის გარანტი სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო დამოუკიდებლობის. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, რომ ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებით არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ამ პოზიციაში ვართ ერთიანები როგორც არასდროს და ქიბარ ხალვაში ამ არხზე ერთხელ უკვე მოვიდა და მე ისე, როგორც არასდროს, მახსოვს ამ არხზე რა გააკეთა და მაშინაც ხელისუფლებამ გამოაგზავნა, ზუსტად იმ წლებშიც ხელისუფლების გამოგზავნილი იყო და ზუსტად ვიცით, ისეთი წარუმატებელი არხი, როგორიც ქიბარ ხალვაში პერიოდში იყო, არასდროს არ ყოფილა. ძირითადად, მოდიოდა იმიტომ, რომ აქ ნიუსები დაებლოკა და აღარ ვჭამთ ამას, რაც მაშინ ვჭამეთ,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მაია ასათიანის განცხადებით კი, ეს უკვე აღარ არის ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის, არამედ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
„ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის. ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ რუსთავი 2-ისთვის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, იმიტომ, რომ დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი, ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო - ყველა ტელევიზია, ყველა რადიო, ყველა გაზეთი ერთ ხმაზე ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი, ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასეთი ტოტალიტარული რეჟიმი არის რუსეთში, იქ ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი ერთი ხმით საუბრობს, ვლადიმერ პუტინის ხმით... ეს არ არის ბრძოლა რუსთავი 2-ისთვის, დღეს 25 თებერვალია, ჩემი აზრით და ჩვენ მეორედ, ჩვენს ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ და ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივი გზით, იმიტომ, რომ ამ არხზე იციან - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ - განაცხადა მაია ასათიანმა.