ხელისუფლება ჩქარობს - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში შეცვალა არხის დამფუძნებელი და მენეჯმენტი. ჯერი ახლა სარედაქციო პოლიტიკაზეა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიზანი სწორედ კრიტიკული და თავისუფალი მედია საშუალების დახშობაა.
37 წლის ცენზურა - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ ვითარებას, რომელიც ხელისუფლებამ „რუსთავი2“-თან მიმართებაში შექმნა.
მოძრაობა ”პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივიზმი დამოუკიდებელი მედიის გარეშე მხოლოდ სოციალური ქსელის იმედად რჩება, რაც საკმარისი არ არის.
„სამოქალაქო აქტივიზმი მედიის გარეშე განწირულია. არ დაგვრჩება ხე, არ დაგვრჩება ისტორიული შენობა,ეს არის რუსული ნარატივი“-ამბობს ნატა ფერაძე.
„საიას“ დამფუძნებელი ფიქრობს,რომ ქიბარ ხალვაში იმაზეც კი მზად არის, გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს ნიკა გვარამიას კონტრაქტში ჩადებული პირობა. სულხან სალაძის თქმით, ახლა მთავარი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაა, ეს ხელშეკრულება სწორედ დამოუკიდებლობის გარანტიას ეფუძნება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში დავის გაგრძელების წინაპირობა იქნება დავის გაგრძელება ნიკა გვარამიას მხრიდან. არ გამოვრიცხავ,რომ თეორიულად მაინც, მათი მხრიდან ჩაირიცხოს ეს თანხა ანგარიშზე, ფორმალური ნაწილი მოაგვარონ, რომ დავის საშუალება არ დარჩეს,“-ამბობს სულხან სალაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არ მივიღოთ პროსამთავრობო არხი.
„რადგანაც მთელ არხს ქმნიან ჟურნალიტები, ვფიქრობ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შეინარჩუნონ სარედაქციო პოლიტიკა,“-ამბობს ძველიშვილი.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ახლა რუსთავი2-ის შემოქმედებით გუნდის მონოლითურობაა მნიშვნელოვანი. ქორიძე ამბობს, რომ მთავრობამ ძალიან ფორსირებულად გადაწყვიტა მიიღოს ცვლილებები და ასე სწრაფად შეცვალოს მესაკუთრეც და დირექტორიც, როგორც ქორიძე ამბობს, რომ მთავრობა ახლა იმ ჟინს იკმაყოფილებს, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ამოძრავებდა.