„რუსთავი 2"-ის საქმეზე წულუკიანის უწყებამ გადაწყვეტილებები ელვის სისწრაფით მიიღო. საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორის პოსტიდან გადასაყენებლად ზუსტად ერთი საათი და 20 წუთი დასჭირდა. ქიბარ ხალვაშმა იუსტიციის სამინისტროს გვარამიას გადაყენების მოთხოვნით 16 საათზე მიმართა და ”რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ხალვაშის პირადი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
ხალვაშის გადაწყვეტილების დაკმაყოფილებით წულუკიანის უწყებამ იუსტიციის სამინისტრომ იმ ხელშეკრულების იგნორირება მოახდინა, რომელიც „რუსთავი 2“ ნიკა გვარამიასთან ჰქონდა გაფორმებული.
ხელშეკრულება, რომლის იგნორირებაც რეესტრმა მოახდინა, ნიკა გვარამიას და "რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის არის გაფორმებული. კონტრაქტი ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდეა და პირობების მიხედვით გვარამიას ვადაზე ადრე თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში მას კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ეს პირობები ხელშეკრულებაში იმისთვის იყო გათვალისწინებული, რომ მფლობელებს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ.
სამაუწყებლო კომპანიის იურისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანის უწყებისთვის ეს გარემოებები ცნობილი იყო, რეესტრმა გვარამია თანამდებობიდან მაინც უკანონოს გაათავისუფლა.
თეა წულუკიანის უწყებას კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ იურისტები. რეესტრმა ტელეკომპანიის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ზუსტად 3 საათში გადაუფორმა ისე, რომ ტელეკომპანიის მოქმედ მენეჯმენტს დიდ პალატაში გადაწყვეტილების უფლება გამოყენებული არ ჰქონდა.
„რუსთავი 2-ის“ საქმეზე წულუკიანის უწყებამ გადაწყვეტილებები ელვის სისწრაფით მიიღო და მისივე დამკვიდრებულ პრაქტიკას გადაუხვია. თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა იუსტიციის მინისტრს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით მან დავა წააგო. მაშინ თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ხელისუფლება იქამდე არ აპირებდა, სანამ მას ბოლო გადაწყვეტილებას დიდი პალატა არ მიიღებდა.