სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
“ქართული ოცნების“ ოპონენტები დარწმუნებით ამბობენ, რომ ამის მიუხედავად ბრძოლა გრძელდება და „რუსთავი 2“-ს კიდევ აქვს მნიშვნელოვანი არგუმენტები, მათ შორის ორი უმთავრესი, დიდ პალატაში გასაჩივრების უფლება და გენერალური დირექტორის კონტრაქტია.
ხელისუფლების ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნითაც აფასებს და ამბობს, რომ მომავალი წლის არჩევნების წინ ერთადერთი კრიტიკული არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის.
ოპოზიცია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ რეალურად ივანიშვილს დიდი ხნის ოცნების ახდენის საშუალება მისცა, რაც „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმებას ნიშნავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ არ ეჩქარა აღსრულება და გასაჩივრების პროცედურების სრულად დასრულებას დალოდებოდა.
ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე თქვა, რომ “რუსთავი 2“ დიდ პალატაში ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ოპოზიცია ხელისუფლებას მისივე დაწესებულ სტანდარტს ახსენებს, როცა მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დიდ პალატაში გასაჩივრებამდე დროს თვითონვე ითხოვდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას ნიკა გვარამიას კონტრაქტსაც ახსენებს,რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მას 5 მილიონი უნდა გადაუხადონ, ამავე დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტი არა საქართველოს სასმართლოში, არამედ ლონდონის არბიტრაჟში საჩივრდება.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა დღეს ივანიშვილის გუნდს ისტორიის გაკვეთილებიც შეახსენა, უთხრა რომ, როცა ხელისუფლება ტელევიზიების დახურვას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას იწყებს, ეს ამ პოლიტიკური ძალის მოახლოებულ დასასრულს ნიშნავს.
ოპოზიცია ამბობს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების წინ ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება.