უწყვეტი საპროტესტო აქციების 28 დღე - რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამ წუთებშიც დგანან იმავე მოთხოვნით, რომლითაც ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განცხადებები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით გაკეთდა. აქციის მონაწილეები სამაუწყებლო კომპანიას, მთელ გუნდს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.
„არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა „რუსთავი 2“, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ თუ არა რომელიმე კონკრეტული წამყვანი ან კონკრეტული გადაცემა, დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ისეთი ტელეარხები, ისეთი მედიაპლატფორმები, როგორიც „რუსთავი 2“, როგორიც არის „ტვ პირველი“, როგორიც არის არაერთი ინტერნეტგამოცემა. პარტიულ ჯახში რეალურად ვიჭყლიტებით ადამიანები, მოქალაქეები, რომლებსაც ყველაზე მეტად გვინდა განვითარებულ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ ვცდილობთ, ყველანაირი ძალისხმევით დავუდგეთ გვერდით „რუსთავი 2-ის“ გუნდს და შევინარჩუნოთ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად არ მოსწონს,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
აქციის მონაწილეებს მედიაექსპერტებმაც მიმართეს. ნინო დანელიამ ქვეყანაში დამოკიდებელი, კრიტიკული აზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ეს ე.წ. დავა კერძოს საკუთრების თაობაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ თუ გამოვრთავთ „რუსთავი 2-ს“, გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, ვერავინ ვეღარ ვიტყვით, რომ საყდრისი ააფეთქეს ჩვენი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძალიან თვალსაჩინო და ძალიან ღირებული ძეგლი. რასაკვირველია, თუ გამოვრთავთ „რუსთავი 2-ს“, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, ვერ გავიგებთ იმას, როგორ ვარდებიან ჩვენი მუშები სამსახურში წასულები ყოველ დღე შენობებიდან და იღუპებიან, ვერ გავიგებთ, აი ის სიმახინჯე, რომელსაც პანორამა ჰქვია, სინამდვილეში სიმახინჯეა, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არც ქვეყნის ლანდშაფტს, არც კულტურულ მემკვიდრეობას, არაფერს საერთოდ, ვერ გავიგებთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები იმიტომ, რომ ამაზე არავინ მოგვიყვება,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „რუსთავი 2“ მოსახლეობის თავისუფლებისთვის მებრძოლია.
„პირველ რიგში, სოლიდარობა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძვის არა ვიღაცის ძალაუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთის. ეს ადამიანები იდგნენ ტალახში 13 ივნისს, ეს ადამიანები იდგნენ ომში და არ ეშინოდათ. ეს ადამიანები იყვნენ ყველანაირი გავეშებული ძალის წინაშე და არასდროს არ ეშინოდათ. თითოეულ ცალკე აღებულ ჟურნალისტს, გოგოს, ბიჭს, ასაკოვანს, გამოცდილს, გამოუცდელს, სრული სოლიდარობა ჩვენი და არავის არ ეგონოს, რომ იმის გამო, რომ რაღაც პარტიულ შეფუთვაში მოაქცევენ, პარტიულად შეფუთავენ - დღეს ვისი რუსთავი 2, გუშინ ვისი იყო, ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს თავისუფალი სიტყვა და არ დავთმობთ ამ ქვეყანაში ამას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.