16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
„არ იქნება „რუსთავი 2“, ერქმევა „რუსთავი 3“ - თაკო ჩარკვიანი 

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. "კანონისა და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ევროსასამართლოში ეჭვი არ შეაქვთ.

„ჩვენ არ შეგვაქვს ეჭვი სტრასბურგის სასამართლოში, რთულად დასაჯერებელია დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენთან ქვის ხანაა სასამართლოს თვალსაზრისით,"-თქვა ჩარკვიანმა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ „რუსთავი 2-ის“ გაჩუმება უნდოდა და ახლა ამ მიზანს ახორციელებს. მისი თქმით, "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე შეექმნება.

„არ იქნება „რუსთავი 2“, არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაც, ალბათ, თვე დასჭირდება იმას, რასაც ჰქვია საველე პირობები, ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ, Facebook-შიც შეამჩნევდით. რომ ანგარიშს ითხოვენ, სად ჩავრიცხოთ თანხა, გამოჩნდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა თამამად აპირებენ თანხის დარიცხვას, ასე რომ ყველაფერი მოწესრიგებული იქნება, პირიქით, ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სასწრაფოდ მოვაცილოთ. მესიჯმა რუსთაველზე უნდა გადმოინაცვლოს, დღეს ეროვნული გაერთიანების და კონსოლიდაციის დღეა,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, როდესაც არსებობს მოთხოვნილება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სიტყვაზე, ეს დაკმაყოფილებული იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს ის ვითარება, რომ ქვეყანაში იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, პატარა ჯიხური, ან ერთი ორი პატარა ჯიხური ხელისუფლებასთან საინფორმაციო დაპირისპირების. დღეს სივრცე დიდია. პატარა ჯიხურებით ვახერხებდით წარმატების მიღწევას და ციფრული ტელევიზიების პირობებში ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ დახუროს რუსთავი 2, ერ უზრუნველყოფს იმას, რომ ახუროს ქართველი ხალხის არჩევანი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით განცხადება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა. მისი თქმით, „რუსთავი 2“ არ არის ლოგო, კამერები, არამედ ის არის თითოეული თანამშრომლის თავისუფალი სული. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა სტრასბურგის სასამართლო გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით და მიიტანეს შეტევა „რუსთავი 2-ზე“. ქარდავამ აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას არ ახდენს. მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კრემლის მარიონეტი უწოდა.

დღის ამბები