16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ახალი სარჩელი - დოკუმენტი, რომელსაც ხელს ხალვაში აწერს, ადასტურებს, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელი ოქრუაშვილია

ახალი სარჩელი და ახალი დავა მთავარი არხის გარშემო - „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს - ამის საფუძველი კი ბერლინში გაფორმებული ხელშეკრულებაა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს, ადასტურებს, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშს მისთვის „რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნება მოუწევს, რადგან ამბობს, რომ ხალვაში კომპანიის მფლობელი არასდროს ყოფილა და მას „რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე დავის უფლება არ ჰქონდა.

ბერლინში დადებული შეთანხმების დარღვევის გამო კი სასამართლო დავას იწყებს. სამართლებრივი პროცესისთვის მეტი სანდოობისთვის, ოქრუაშვილი გეგმავს, რომ კომპანიის 80 პროცენტი რამდენიმე ჟურნალისტს გადაუფორმოს, ვინც იქნება გარანტი, რომ „რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით მას დავის დაწყება ლონდონის ან საფრანგეთის სასამართლოებშიც შეეძლო, თუმცა განმარტავს მიზეზს, რის გამოც „რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე ხალვაშთან ურთიერთობის გასარკვევად, ქართული სასამართლო არჩია.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება. მანამდე კი მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს ხალვაშის წილების დაყადაღების მოთხოვნით უკვე მიმართეს. საფუძველი ის სამართლებრივი დავაა, რომელიც ხალვაშის მიერ ბერლინის შეთანხმების დარღვევის გამო დაიწყება.

შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც ქიბარ ხალვაშს ადანაშაულებენ, მისი იურისტი ყალბს უწოდებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ამ მოტივით და ხალვაშის მოთხოვნით კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული ამჯერად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა როგორც გაირკვა, 8 თვეა, ქიბარ ხალვაშმა კვლევისთვის საჭირო ნიმუშების დასატოვებლად ექსპერტიზაზე მისვლა ვერ მოახერხა.

დოკუმენტის ნამდვილობის გარკვევამდე კი ხალვაშის ინტერესების დამცველი და ახლა უკვე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

 

დღის ამბები