პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, პროკურატურის გააქტიურების შესახებ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს. კითხვებზე - რატომ დაინტერესდა პროკურატურა მაინცდამაინც ახლა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებით და ხომ არ უკავშირდება ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობაში შესაძლო გააქტიურებას, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამაზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.
საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ”კურიერის ” ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. გამოძიება დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ჩაინიშნავს და მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.
„შემიძლია დღეს გესაუბროთ საარჩევნო რეფორმაზე, დანარჩენ კომენტარებს გავაკეთებ მოგვიანებით.... საარჩევნო რეფორმაზე ვმუშაობთ, სხვა საკითხებზე გავაკეთებ კომენტარებს მოგვიანებით" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.