ემუქრებათ თუ არა პატიმრობა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრებს? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მოპოვებასაც "კურიერი" მეორე დღეა, ცდილობს. დიმიტრი ქუმსიშვილი კამერებს ემალება და მის ნაცვლად ოჯახის წევრები დახურული კარიდან საუბრობენ. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ პროკურატურამ ყოფილი მინისტრების საქმეები თაროდან ჩამოიღო, რაც დაჭერების ზაფხულს კიდევ უფრო ხმაურიანს გახდის.
ქუმსიშვილიც და ალავიძე ექსპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კადრები არიან. კვირიკაშვილი კი მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია, რომელმაც პოლიტიკური პარტიის შექმნა უკვე დააანონსა. პროკურატურის გააქტიურებას წინ უძღოდა ექსპრემიერის წერილი, სადაც მან 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა. იწყება თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი სერია, ამჯერად უკვე ყოფილ თანაგუნდელებზე, "კურიერის" ამ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ არ უპასუხა.
ღია შეტყობინება, რომლის ადრესატიც მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილია - ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის გააქტიურების ეშინია და მისი გუნდის მინისტრებზე აღძრული საქმეების წამოწევით, გაჩუმებისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნების" ხელისუფლება სავარაუდო კორუფციის საქმეს არც კი გაიხსენებდა, საქმე რომ მამუკა ხაზარაძის მეგობარ და შესაძლო დამოუკიდებელ მოთამაშე გიორგი კვირიკაშვილის გუნდს არ ეხებოდეს.
ყოფილი თანაგუნდელების დაცვის სურვილი დღეს "ქართულ ოცნებაში" არავის გასჩენია. მათი უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ქუმსიშვილის, შავლიაშვილის და ალავიძის საქმეები პოლიტიკისგან დაცლილი და წმინდა სამართლებრივი შემთხვევებია.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ახლა წამოწევაში პოლიტიკური დავალების დანახვა არ გასჭირვებია ეკა ბესელიას.
არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ურჩობა გიორგი კვირიკაშვილის, ასეთი გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, ძვირი დაუჯდება.
გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 2018 წლიდან მიმდინარეობს. საქმე სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობას ეხება, რისთვისაც 710 მილიონი საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასესხა. პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ”კურიერის" ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. არ არის გამორიცხული, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დაიბარონ.