18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? - კობახიძე კრიტიკას პასუხობს 

მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, პარტიის მიერ მომზადებული კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან - იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? - ეს განცხადება, საქართველო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა. 

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული. 

სამოქალაქო სექტორი ცენზურაზე საუბრობს, სამუშაო ჯგუფის წევრი, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება. 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს რომ ცვლილებები ოდირის რეკომენდაციით მომზადდა. 

"დღესაც მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ პირობითად, რაღაც "რესპუბლიკური" მოძრაობა, მიდის ტელევიზიაში და მიაქვს კლიპი 30 წამიანი, ეს კლიპი მთლიანად შეიძლება იყოს პორნოგრაფია. დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონმდებლობასთან და გაუშვას თუ არ გაუშვას. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას, რომ გაუშვას პორნოგრაფია. ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას რომ სხვა ინტერესები დავიცვათ.  ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გამოხატვის თავისუფლება არის ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ჩვენ ტელევიზიის ეთერში. აქაც ხდება ზუსტად იგივე. ვიღაცამ რომ არ მიიტანოს კლიპი, სადაც წერია, რომ ამ და ამ ეროვნების წარმომადგენლბი გავყაროთ საქართველოდან და ა.შ. რაც ყველამ ვიცით, რომ არის ცუდი, ეს უნდა გადაამოწმოს მედიასაშუალებამ და არც ქსენოფობია და არც პორნოგრაფია არ უნდა გაუშვას ეთერში,"-განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები