იურისტის გაშვება რა კავშირშია სარედაქციო პოლიტიკასთან არის აბსოლუტურად გაუგებარი - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კობახიძე "რუსთავი2"-ის იურისტის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.
კობახიძის თქმით, ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას არხის სარედაქციო პოლიტიკასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, თამთა მურადაშვილი მხოლოდ ყარამანიშვილის და სააკაშვილის სადარაჯოზე იდგა და სიტყვის თავისუფლებასთან მას კავშირი არ აქვს.
„ადმინისტრაციულ ნაწილში საკადრო ცვლილებები რამდენად შეიძლება ახდენდეს გავლენას გამოხატვის თავისუფლებაზე და სარედაქციო პოლიტიკაზე ეს არ ვიცი. ადმინისტრაციული პერსონალის გაშვება რა გავლენას შეიძლება ახდენდეს სარედაქციო პოლიტიკაზე ჩემთვის არის გაუგებარი. ის გამოხატვის სადარაჯოზე ხომ არ იდგა, ის იდგა ყარამანაშვილის და სააკაშვილის სადარაჯოზე. ამდენი ხანია არავინ არ შეხებია თვითონ სარედაქციო კოლექტივს და სარედაქციო პოლიტიკას. იურისტის გაშვება რა კავშირშია სარედაქციო პოლიტიკასთან არის აბსოლუტურად გაუგებარი,“- განაცხადა კობახიძემ.
„რუსთავი 2-ის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ "რუსთავი2"-ის მთავარი იურისტის გათავისუფლება შესაძლოა სარედაქციო პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილებების დასაწყისი იყოს.