"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებები ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის შედეგია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრო ჯაფარიძე პოლიტიკური ველიდან გაანეიტრალოს.
„პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო კამპანია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ნათელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად ამოძრავებდა კონკრეტული მიზნები და ეს იყო, სავარაუდოდ, მათი განეიტრალების სამომავლო შესაძლო პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე და მეორე, დარტყმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რაზეც ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მიმდინარე გამოძიება არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ ორი მთავარი მოთამაშე, რომელიც ჩართულია ანაკლიის პორტის განვითარებაში, ჩამოაშოროს ამ პროექტს იმისთვის, რომ დროებით შეჩერდეს არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ხოლო არჩევნებს თუ მოიპარავს, საერთოდ გააუქმოს ეს პროექტი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საუბრობს ოთარ კახიძე. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას ამ პროცესს და მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება რეალურად ამ პორტის მშენებლობის დასრულებისკენ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.