მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს შეზღუდვებს დაუწესებს და იმ სარეკლამო კლიპების შინაარსს გააკონტროლებს, რომელიც სატელევიზიო ეთერში განთავსდება. საარჩევნო ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც "ოცნებამ" წარმოადგინა, მედია ვალდებული ხდება, პოლიტიკურ რეკლამაზე ცენზურა დააწესოს და გადაწყვიტოს, არის თუ არა ვიდეორგოლი ქსენოფობიისგან და სიძულვილის ენისგან დაცული. კანონის დამრღვევს სანქციები დაეკისრება. რა სახის სასჯელზეა საუბარი, დოკუმენტში არ წერია.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციად მონათლული ცეზურის საფრთხე მხოლოდ ოპოზციის პროტესტის მიზეზი არ ხდება. ივანიშვილის პარტიის ცვლილებების წინააღმდეგია ამავე გუნდის წევრი ნინო გოგუაძე. დეპუტატი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს სიძულვილის ენის და ქსენოფობიის ამგვარი ფორმით შეზღუდვაზე რეკომენდაცია არ გაუციათ, ამიტომ მედიის საქმიანობაში ჩარევა არ უნდა მოხდეს.
ივანიშვილის პარტია სხვა პოლიტიკურ ძალებს ართმევს უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო პროგრამიდან, რომელი გზავნილი მიიტანონ ხალხთან. ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება, რეკლამის მხოლოდ 25 პროცენტი დაუთმოს კონკურენტის კრიტიკას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება უკვე სახიფათო გადაწყვეტილებებს იღებს.
ივანიშვილის პარტიის დაანონსებულ ცვლილებებში დიდ საფრთხეს ხედავენ არასამთავრობოებიც. იურისტები და მედიაექსპერტები, რომლებიც დოკუმენტის განხილვას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ მედიისთვის შეზღუდვების დაწესება ავტომატურად გამოიწვეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა. პარლამენტის მის განხილვას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს და, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დაამტკიცებს.