დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში - გიგა ბოკერია მართველი გუნდის ლიდერის ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დღეს პატივს მიაგებდეს 11 წლის წინ, რუსული აგრესიის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას, ისინი პირიქით, რუსულ ნარატივს უწყობენ ხელს.
„დღეს არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა რუსული აგრესიიდან, დღეს არის დღე, როცა ყველა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლის მქონე საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს პოლიტიკური ძალა, პატივს მიაგებდეს ხსოვნას ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების, ყველასი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ვინც მისცა საქართველოს შანსი და დრო, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით თავი დაეცვა რუსული აგრესიისგან, რომლის ამოცანაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოსპობა. ამის ნაცვლად, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში და ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე მათი პოლიტიკური ოპონენტებია.
„მთავარი გზავნილი, რომ მათთვის მთავარი სამიზნე არის მათი პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ამის გამო, მზად არიან ქვეყნის მტერს ბოლომდე გაუმართონ ხელი იმ ნარატივში, რასაც პუტინის პროპაგანდა ამკვიდრებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე თუ არა, მთავარი შემოქმედი იმ მოვლენებისა, რასაც ადგილი ჰქონდა 11 წლის წინ. ეს არის სამარცხვინო და უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ხელისუფლება“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
გიორგი ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებამ მთელი ფოკუსი საკუთარი ქვეყნის ომში და აგრესიაში დადანაშაულებისკენ მომართა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში, უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა.