2008 წელი იყო უდიდესი შეცდომა - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძე მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც პატივი მიაგო გმირებს, რომლებმაც ზუსტად 11 წლის წინ საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს. პრემიერის შეფასებით, ვინც აგვისტოს ომის თემით სპეკულირებს, ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.
რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, თვითონ, ვინც აკეთებს ამ თემით სპეკულირებას, ის აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.