"რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ის, ვინც ოკუპაციას ახდენს საქართველოს ორი რეგიონის," - ეს განცხადება მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე საქართველოში ავსტრიის ელჩმა გააკეთა.
არად ბენკოს თქმით, რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი ის არის, რომ იპოვოს გზა, რომელიც უზრუნველყოფს რეინტეგრაციას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი და ავსტრია ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება, ვინ დაიწყო ომი? - ვფიქრობ ძალიან ნათელია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა ერთად იბრძოდეს ერთი საკითხისთვის. ეს არის ევროინტეგრაცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია, ვინმეს დადანაშაულებას არაფერი მოაქვს. რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ის, ვინც ოკუპაციას ახდენს საქართველოს ორი რეგიონის.
საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ეცადონ, მოძებნონ დიპლომატიური გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში რეინტეგრაციის შესაძლებლობას,“ - აცხადებს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში. ჯასტინ მაქენზი სმიტი აცხადებს, რომ საქართველომ მომავალში უნდა გაიხედოს, სადაც ქვეყანა ერთიანია და არ არსბებოს ოკუპირებული რეგიონები.