საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა - ინფორმაციას სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
„ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება.
საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას. საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.