საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე. დასრულების შემდეგ კი მედიასთან 7 ქვეყნის ერთობლივი განცხადება გაასაჯაროვეს, რომელშიც საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ იყო. განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ასევე აღინიშნა, რომ 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის.
"გაეროში, ჩვენი თხოვნით, ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა, ბუნებრივია წამოწიეს აგვისტოს ომის საკითხი. განცხადებაში ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ასევე იმას, რომ რუსეთის მხრიდან არ სრულდება 12 აგვისტოს შეთანხმების პუნქტები.
გამოითქვა ძალიან დიდი შეშფოთება, ე.წ. ბორდერიზაციის ინტენსიფიკაციის გამო. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მოთხოვნას, რომ ადგილნაცვალი პირები და ლტოლვილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ,"-საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე.