გუგუტიანკარში პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავს. გუგუტიანთკარის პერიმეტრს, რომელსაც ისევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, მოსახლეობას გადაადგილება 6 აგვისტოს შემდეგ არ შეუძლიათ.
მოსახლეობის თქმით, სამართალდამცავებმა მათ რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებულ სამუშაოებზე საუბარი აუკრძალეს. ადგილობრივების განცხადებით, სამართალდამცავები მათ ეუბნებიან, რომ მცოცავ ოკუპაციაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ შეიძლება.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლას ამჟამად ვერ ახერხებენ, 7 აგვისტომდე კი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მოსახლეობას საკუთარ მიწის ნაკვეთებთან მიახლოების უფლება არ აქვს.
„100 მეტრზე ქვევითაა, უნდა გადმოწიონ და რა იქნება დანარჩენი არ ვიცი. სამუშაოები 7 აგვისტოს დაიწყო... რა უნდა გავაკეთო, არაფერი, როგორ გადაწყვეტენ თვითონ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის უფროსები, ასე იქნება, დანარჩენი არ ვიცით ჩვენ,“ - ამბობს ადგილობრივი.
რუსი სამხედროების მიერ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება - გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ, ადგილობრივები უკვე მავთულხლართების გავლებას ელოდებიან. ადგილზე მონიტორინგის მიზნით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებენ. ტერიტორიაზე არიან პოლიციის თანამშრომლებიც.