„ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი პროკურატურის მიერ გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.
ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება ივანიშვილის ინტერესში შედის, რადგან მან ვერ შეძლო სწორედ გვარამიას გამო სამაუწყებლო კომპანიაზე გავლენის მოხდენა.
„ეს არის შურისძიება წარსულის გამო, იმის გამო, რომ 7 წელი მან სწორედ გვარამიას ფაქტორის გამო, ერთ-ერთი რაც იყო, ჯიბეში ვერ ჩაიდო „რუსთავი 2“ და მეორე, მას არ უნდა გაჩნდეს ალტერნატიული პლატფორმა „რუსთავი 2-ის", ახალი ტელეკომპანია, რაც დააანონსა ნიკა გვარამიამ და ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ასეთი გზით და მეთოდებით შეუშლის ხელს,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
ნადირაშვილი ამბობს, რომ გვარამიას შესაძლო დაკავებით, ხელისუფლების ცვლილება მაინც გარდაუვალი იქნება. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი გვარამიას ვერ დაიჭერს.