"ხელმოწერა ყალბია" - სახელმწიფო ექსპერტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტზე, რომლითაც დასტურდება, რომ „რუსთავი 2“ სინამდვილეში ოქრუაშვილს ეკუთვნის, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის.
დოკუმენტების შესასწავლად სახელმწიფო ექსპერტს 7 დღე დასჭირდა. ექსპერტ მერი ჯოხაძის დასკვნით, ხელმოწერა ნამდვილი არ არის და არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს. ექსპერტი კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაში წერს, ოქრუაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ ემთხვევა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერას და ასოების მოყვანილობა განსხვავებულია.
ხელმოწერის ნიმუშების გარდა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დატოვა, ექსპერტს შესადარებლად ჰქონდა ქიბარ ხალვაშის მიერ სხვადასხვა დროს ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელიც სამხარაულის ბიუროში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ წარადგინა.
საბუთები ნოტარიულად არ არის დამოწმებული, რაც ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველს დამატებით კითხვებს უჩენს. ბრალდებები აბსურდულია პაატა სალიასთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილის საბუთზე ხალვაშის ხელმოწერა ყალბია.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ენდობა. ხალვაშის ხელმოწერილ კიდევ ერთი ექსპერტიზისთვის უცხოეთში გადააგზავნიან. ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ყალბია.
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.