"გვარამიას საქმის განხილვა ამოგლეჯილად იმ პოლიტიკური პროცესისგან, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ან არის ძალიან დიდი ნაივურობა ან მიზანმიმართული მცდელობა, რომ თვალი დახუჭო ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღვივებაზე,“ - ამის შესახებ „კურიერს“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
ის „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები გაიხსენა, მათ შორის პოლიტიკოსების დაკავება, 20 ივნისის აქციის დარბევა, „ტვ პირველის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
„გვარამიას საქმის განხილვა ამოგლეჯილად იმ პოლიტიკური პროცესისგან, რასაც ვატყობთ, თვალს ვადევნებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რომელშიც მე ვგულისხმობ პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, დარბევას რუსთაველზე, ხაზარაძის საქმეს, მთელ აი, ამ ძალოვანი სეგმენტის ჩვენებას, ამის გარეშე და ასევე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ საკითხებს, რომელიც „ტვ პირველთან“ მიმართებაში ვითარდება, ამის გარეშე გვარამიას საკითხის განხილვა ან არის ძალიან დიდი ნაივურობა ან მიზანმიმართული მცდელობა, რომ თვალი დახუჭო ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღვივებაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.