პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა გააკეთა.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა.
„სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული მიიმალება, მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას და ასევე, ხელს შეუშლის მტკიცებულებების მოპოვებას, არსებობს ამის რეალური საფრთხეები და მიგვაჩნია, რომ გირაო და დამატებითი ღონისძიება იქნება ამ საფრთხეების განეიტრალების ერთადერთი საშუალება და აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს სრულად საპროცესო კოდექსის გათვალისწინებას“, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ნიკა გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა.
პროკურორი ასევე გამოეხმაურა პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს, სადაც ბინებზე იყო საუბარი. მისივე თქმით, გუშინდელ ბრიფინგზე არ თქმულა, რომ გვარმიას ედავებიან ბინების გადაფორმებას.
სასამართლოში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ნიკა გვარამიამ გუშინ ბრალის წაყენების შემდეგ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.