18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს იმის გამო ითხოვს, რომ "ის მიიმალება ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს"

პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე ფარგლებს გარეთ. ბრალდების მხარის განმარტებით, შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

„ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს გირაო... აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენება, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას და მტკიცებულებების მოპოვებას“, - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების მხარემ განმარტა, თუ რატომ ითხოვს პროკურატურა გირაოს სახით 80 ათასი ლარის შეფარდებას.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე... ასევე, ის ფლობს აგარაკს. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიაში მუშაობის პერიოდში მას ხელფასის სახით აღებული აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა, ჯამში, ეს გახლავთ, 4 მილიონი ლარი, მათ შორის, 2019 წელს, ეს არის 300 ათას ლარზე მეტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად გირაოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 80 ათასი ლარი“, - განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

ამავე თემაზე
დღის ამბები